საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს
თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს. აღნიშნული პირი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 2009 წლის 27 სექტემბერს ზაზა ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პიროვნების ბულგარეთის რესპუბლიკაში დაკავების შესახებ თბილისის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას აცნობა. აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ხსენებული პიროვნების მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები.