“თბილისი 2015”-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა. ცერემონია, რომელიც 20:15 წუთზე დაიწყო თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

გახსნის ცერემონია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით დაიწყო, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” გახნილად გამოაცხადა.

ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის გახსნილად გამოცხადების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა, ლევან თედიაშვილმა, ვახტანგ ბლაგიძემ, ვაჟა კაჭარავამ, რომან რურუამ და რაფაელ ჩიმიშკიანმა შეაბრძანეს.

გახსნის ღონისძიება, დატვირთული იყო გრანდიოზული შოუთი , რომელიც ქართველმა რეჟისორებმა დადგეს.
წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ ირმა ნიორაძემ. ასევე, შესრულდა ქართული ფოლკლორული საცეკვაო ნომრები. მათ შორის ხორუმი, სამაია. წარმოდგენილი იყო ქართული საგალობლები.
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა კეტაშვილს. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში გელა კეტაშვილის გარდა მონაწილეობა მიიღეს პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა.
საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.
ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები