მესტიაში თეთნულდის სათხილამურო კურორტი შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, კომპანია „თეთნულდ დეველოპმენტის“ დაკვეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო კურორტს აშენებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, შენდება 5 საბაგირო სადგური, საერთო სიგრძით – 5.9 კმ; ეწყობა 18 სასრიალო ტრასა, საერთო სიგრძით – 25 კმ; ასევე, – წყალსადენი, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობები, პარკინგი და სხვა აუცილებელი ობიექტები.

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” თეთნულდზე ტყე-კაფვის სამუშაოები უკვე დაასრულა.

,,თეთნულდი არის უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. აქ შესაძლებელია ალპინიზმით, ჯომარდობით, ცხენოსნობთ, პარაპლანერიზმით, თხილამურებზე, სნოუბორდზე სრიალით, სამთო ტურიზმით დაკავება“,- აცხადებენ სამინისტროში.

თეთნულდს ექნება ამიერკავკასიაში როგორც ყველაზე გრძელი – 9,5 კმ სიგრძის, ისე ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე – 1,7 კმ სასრიალო ტრასა. სასრიალო პერიოდი, წლის განმავლობაში, 6-7- თვეს შეადგენს.

პროექტის საერთო ღირებულება 100 მილიონი ლარია და მას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ.

კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მშენებლობაზე 101 ადამიანია დასაქმებული. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები