ბიძინა ივანიშვილი საოკუპაციო ძალების ქმედებებზე: ეს არის უაღრესად მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტს დანაშაულებრივ პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ ექსპრემიერმა “გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, შექმნილი ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას მაქსიმალურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მომხდარზე ადეკვატურად რეაგირებს.
“მე თვალყურს ვადევნებ და ვიცი ყველაფერი, აღმაშფოთებელია ის, რასაც მეზობელი სახელმწიფო აკეთებს. ბოლომდე ვერ ამიხსნია ეს დაშინების პოლიტიკაა თუ?.. 200-300 მეტრის გადმოწევით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, თუმცა ეს არის უაღრესად მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა ადეკვატურ რეაგირებებს ახდენს, მათი განცხადებები ყველა დონეზე, ტუსკის ჩამოსვლაც – ყველაფერი დაემთხვა, ამისთვის არ ჩამოსულა, მაგრამ… ჩვენ მაქსიმალურად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე – ჩვენი მეზობელიც და უფრო შორეულიც უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება თავისი ტერიტორიების დაკარგვას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მთავრობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უარგუმენტოს უწოდებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან ყველაზე საოცარი რა გახლავთ – რასაც მათი პარტიის ორი ყოფილი მინისტრი აცხადებს. მათი მინისტრობის დროსაც, საუბედუროდ, მოხდა მსგავსი რამ, რა გააკეთეს უფრო მეტი? გინდა საგარეო საქმეთა მინისტრმა და გინდაც ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა. კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ, პოლიტიკა იმის კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ და რაც მოგვესურვება, იმაზე ვისაუბროთ, პატარა ქვეყნის შვილები ვართ, მთავრობა აკეთებს ძალიან მიახლოებულს იმასთან, რაც შეუძლია, შეიძლება ოდნავ მეტსაც, ან ოდნავ უარესსაც… ჩვენ – ყველა და მათ შორის ჩვენი ხელისუფლებაც, რეალობიდან გამომდინარე, უნდა შევაფასოთ – რისი გაკეთება შეიძლება და რას აკეთებენ… ვინც ყველაზე მეტად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. სწორედ მათ დაგვიტოვეს ეს უბედურება. რომ არა მათი გაუგებარი და უაზრო ქმედებები, სადაც არ შეეძლოთ, იქ რომ გაიქაჩნენ, სწორედ ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს მათ მიერ გაპარტახებულის და გაუბედურებულის შედეგებს ვიმკით, სწორედ მათი დაუდევარი ქმედებების შედეგია ეს, დღეს გამოდის და კიდევ ასეთი ხალხი ხმაურობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.