გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს

სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, სამი წლის წინ სახელმწიფოს მხრიდან ენერგომომწოდებლებთან ერთად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარიფის 3,54 თეთრით კლების შესახებ, დღეს, დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.
“ვფიქრობ, მას მერე, რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა – მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ბევრ ქვეყანაში, ანუ დოლარი გამყარდა. ვინაიდან ჩვენ ვართ ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ამის გარდა, ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნდეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა, რაც დღგ-ის ჩათვლით დაახლოებით, 3,95 თეთრია. კომპანია ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ახალი ტარიფი ძალაში 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები