თბილისის საკრებულოში სამ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიასა და სხვადასხვა პროფილით მოქმედ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ და შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: რევაზ ნაცარიშვილმა, ქეთევან ბარათელმა და გრიგოლ გაგნიძემ მოაწერეს.
თევდორე კობახიძემ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციებთან: ა(ა) იპ „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი, ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ და ა(ა) იპ „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ გაფორმებული ხელშეკრულებით დედაქალაქის საკრებულო კანონის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
,,ჩვენ წარმოდგენილ ორგანიზაციებთან საკანონმდებლო ინიციატივის მიმართულებითაც გვექნება ურთიერთობა, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი’’,-განაცხადათევდორე კობახიძემ.
მემორანდუმის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მის ფარგლებში საკრებულოსთან და კერძოდ, იურიდიულ კომისიათან თანამშრომლობა ბევრად ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძე მიესალმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ურთიერთობები მოსახლეობასთან უფრო ახლოს ყოფნისა და მათი პრობლემების გაცნობასა და მოგვარებას საშუალებას უფრო მეტად იძლევა.
,,ეს მემორანდუმი ჩვენს მუშაობას კიდევ უფრო გაააქტიურებს და ამასთან ბევრ სასიკეთო წამოწყებას შეუწყობს ხელს’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.