ირაკლი ღარიბაშვილი: 620 დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში ბინები გადაეცემა
620 დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში ბინები გადაეცემა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კი ხელისუფლება მოსავლის აღებაში დაეხმარება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„დღეს ერთ მნიშვნელოვან საკითხს დავამტკიცებთ – 620 დევნილი ოჯახისთვის საკუთრებაში ბინების გადაცემას თბილისში და რეგიონებში. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და პროცესი კიდევ გრძელდება“, –აღნიშნა პრემიერმა.
მანვე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას სთხოვა განმარტება, თუ რა სახის დახმარება გაეწევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.
„პრემიერის დავალებით ჩვენ ვიმყოფებოდით რეგიონებში, შევისწავლეთ მდგომარეობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსავლის აღება უფასოდ მოხდება“, –განაცხადა ოთარ დანელიამ.