დღეს “ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში სან-რემოს დღეები იწყება
ბათუმი 17-19 ივლისს “ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში „სან-რემოს“ ვარსკვლავებს უმასპინძლებს. დღეს, ბათუმელებსა და მათ სტუმრებს უჩვეულო სანახაობა ელით. „სპაგეტი სვინგ ბენდი“, რომლის კონცერტები განსაკუთრებულობით გამოირჩევა ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს საინტერესო საღამოს ჰპირდება.
ბენდი 4 შემსრულებლისგან შედგება. აქედან ერთ-ერთია ვირტუოზი შეფმზარეული, რომელიც პირდაპირ სცენაზე, ლაივ რეჟიმში ამზადებს სპაგეტის და მსმენელებს უმასპინძლდება. საფესტივალო კლუბში „სპაგეტი სვინგ ბენდის“ პოპულარული სიმღერების მოსმენის ფონზე, როგორიცაა ვოლარე, პაროლე, ო სოლე მიო, ბათუმის დამსვენებლებს იტალიური მაკარონის დაგემოვნება შეეძლებათ.
კონცერტის წამყვანია ქართველი მომღერალი დავით გომართელი. დღეს ასევე იგეგმება ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც. 18 ივლისს, ყველასთავის საყვარელი იტალიელი მომღერალი უმბერტო ტოცი და ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. უმბერტო ტოცი მე-20 საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგი ასევე წერს სიმღერებს, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოცი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისთვის. „რიკი ე პოვერი“ იტალიური ჯგუფია, რომელმაც ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების პოპულარული ჯგუფი. 1970-71 წლებში სან-რემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „ლა პრიმა კოსა ბელლა და კე სარა“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი.