უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

   უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა შესაძლოა კანონმა განსაზღვროს. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ დღეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშრისი კომისიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე წარადგინა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, შესაძლოა გაიზარდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაც. “თუ რამდენი მოსამართლე უნდა იყოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს საკითხი მიტოვებულია მთლიანად უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაზე. თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ მაგალითად 15 კი არა, 25 მოსამართლე სჭირდება, შეკრებს პლენუმს და პლენუმი გადაწყვეტს საქართველოს რამდენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა ჰყავდეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს პლენუმის უფლებამოსილება კი არ იყოს, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რიცხოვნობაც დაადგინოს კანონმა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რამდენი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში და არ იყოს ეს რომელიმე პლენუმის ან რომელიმე თავმჯდომარის მანიპულირების საგანი. გარდა ამისა, ბიუჯეტს სჭირდება განჭვრეტადობა. როდესაც ფინანსთა სამინისტროს ეცოდინება, თუ რამდენი უზენაესი მოსამართლეა კანონით დადგენილი წესით, ეს არ იქნება მუდმივად ცვალებადი მოცემულობა, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოს სახელმწიფო ფინანსებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები