სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ხელოვანები საქველმოქმედო მარათონს – „ცა მეტია, ვიდრე 13“ გამართავენ

15 ივლისს, 21 საათზე, საქველმოქმედო მარათონი „ცა მეტია, ვიდრე 13“, ხელოვანთა ორგანიზებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

საღამო ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება, სატელევიზო სიგნალს კი ყველა ქართული ტელემაუწყებელი მიიღებს და, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საეთერო დროს დაუთმობს. აგრეთვე, იგეგმება საერთაშორისო მარათონის გაშუქება ამერიკის წამყვანი ტელეკომპანიების მიერ, რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის.

მარათონისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან: ნიკოლოზ შენგელაია, დავით ევგენიძე, გიორგი ხუციშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით საყვარელიძე, ირაკლი გოგია, და გიორგი კვაბზირიძე.

აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო. კონცერტში მონაწილეობას კი მომღერლები არა მარტო საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც მიიღებენ. კონცერტში ყველა ის ბენდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ცოცხლად უკრავს. ღონისძიებისთვის სტუმრები ამერიკიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან ჩამოდიან.

„ეს კონცერტი, დაზარალებულთა გარდა, იმ მოხალისეებს მიეძღვნება, რომლებიც სტიქიის ადგილებში დედაქალაქისა და დაზარალებულთა დასახმარებლად მუშაობდნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც უსასყიდლოდ დაგვიდგა გვერდით. ყველას ვთხოვ, რომ 15 – ში ყველა კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ“, – ამბობს საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე კორკოტაშვილი.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 ლარია, უკვე იყიდება სპორტის სასახლის სალაროებში და განთავსებულია biletebi.ge-ზე. გარდა ბილეთების შეძენისა, მოსახლეობას ფასიანი ზარების საშუალებითაც ექნება შესაძლებლობა, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღოს და დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები