საქართველოს მუზეუმების თანამშრომლები ტრენინგებს – „მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising) საკითხები“ გაივლიან
13-16 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და კულტუროლოგიური კვლევის ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგები საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებისთვის მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising) საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40 მუზეუმის თანამშრომელი გაივლის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising), საპროექტო განაცხადის შემუშავებისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით; გაეცნობიან სამუზეუმო მარკეტინგის სტრატეგიებს და თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაუმჯობესებას მუზეუმში დამატებითი დაფინანსების მოზიდვისა და გარკვეული კომერციული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით.
ტრენინგები ტარდება სამუზეუმო საქმის ქართველ ექსპერტთა ხელმძღვანელობით, რომლებსაც გავლილი აქვთ სტაჟირება და ტრენინგ-პროგრამები აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, იტალიის, ფინეთის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებში.
მსგავსი ტრენინგების ორგანიზება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებში ქმედითი რეფორმის განხორციელებას, სამუზეუმო მენეჯმენტის დონის ამაღლებას, განვითარების ინოვაციური სტანდარტების დანერგვას, მუზეუმებში კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა პროგრამების განვითარებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას XXI საუკუნის მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ.