ილდიზ-ვარსკვლავის ჯადოსნური ბროლის სფერო და ერთ ღამეში ნასწავლი წინაპართა ენა

          თურქეთში მცხოვრები ჩვენებური მადიჰა ილდიზ თავდგირიძე, ანუ მედეა თავდგირიძე საკუთარი სახელისა და გვარის აღნიშვნის დროს, ბრჭყალებში სიტყვა ვარსკვლავს მიუთითებს, მაგრამ ეს ქალბატონი სიტყვა “ვარსკვლავში“ ჩვენში გავრცელებულ პოპულარულ მნიშვნელობას არ გულისხმობს. მისთვის ვარსკვლავი საქართველოსა და მისი სახელის ქართულ წარმომავლობასთან ასოცირდება. ქართული ენა მან ერთ ღამეში, ინტერნეტით შეისწავლა, მას შემდეგ ქართული კურსები თავად დააარსა და თურქეთში ქართულ კულტურას ემსახურება. პატარა ჩანახატებსაც წერს. მისი პერსონის თქვენთვის გაცნობას ერთი ჩანახატით ვიწყებთ, რომელიც მან საქართველოში პირველად ჩამოსვლის შემდეგ დაწერა.

1558816_691717244192774_720729807_n

,,იმ ბედნიერების აღწერა შეუძლებელია. აღტაცებული შევყურებდი ამ სილამაზეს, თუმცა შენთან შეხვედრის სიხარული უცნაურ სევდას დაეჩრდილა. სევდას, წარსულის გამო… ამ ტკივილს ალბათ უსაზღვრო მონატრება ერქვა, ან იქნებ განშორება… წინაპართა ნაკვალევზე მივაბიჯებდი. წარსულზე ვფიქრობდი… მოგონებანი სევდას მგვრიდა. გარემოს ჭვრეტით ვეღარა ვძღებოდი, ხარბად ვათვალიერებდი ყველასა და ყველაფერს: ჩიტებს, ხეებს, ლაჟვარდოვან ცას, ადამიანებს… აქ ყველაფერს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. აქამდე არსად მენახა ასეთი ხასხასა მწვანე ფერი, აქამდე არსად შევხვედროდი ასეთ განსაკუთრებულ ადამიანებს, არასოდეს ჩამესუნთქა ასეთი ცინცხალი ჰაერი, თითქოს საუკუნოვანი ძილ-ბურანიდან გამოვფხიზლდი, თითქოს ხელახლა დავიბადე… ამ ჯადოსნურმა ბროლის სფერომ დამატყვევა. თუმცა წარსულის მოგონებით გამოწვეულ სევდას მაინც ბედნიერების შეგრძნება სჭარბობდა და მას სამშობლოში ყოფნის ბედნიერება ერქვა. აქ ყველაფერს თავისი სახელი ჰქონდა: ბროლის სფეროს ზღურბლს სარფი ერქვა, ზურმუხტის კაშკაშა მწვერვალებს – ბათუმი, თბილისი.. ხოლო თავად სფეროს კი, ხელოვნების კეთილსურნელებაში გახვეული ჯადოსნური ქვეყანა „საქართველო“…

-თქვენი გვარი ილდიზი ქართულად ვარსკვლავს ნიშნავს. თქვენი ბედის ვარსკვლავზე რას იტყვით, გჯერათ ბედისწერის?

1608694_691705390860626_775959817_n– ბედისწერის მწამს, მაგრამ ჩვენი კარგი და ლამაზი საქციელი – ყველაფერი ღმერთისგან მოდის, ყველა ცუდი კი, – ჩვენ გამოა. მე ასე ვფიქრობ. ბედისწერაა ჩემი ცხოვრება… როცა ქართული პირველად მოვისმინე, ბავშვი ვიყავი. მახსოვს, ჩვენს სახლში ქართულ-თურქული ლექსიკონი გვქონდა და ის ჩემთვის მარგალიტი იყო. ჩემი სახელის დაწერა და წაკითხვაც მაშინ ვისწავლე, მაგრამ იმ დროს ქართული დოკუმენტები რომ გვქონოდა თურქეთში, არ შეიძლებოდა, ამიტომ ქართულ დოკუმენტებს ვერ ვაჩენდით.. სხვა ეროვნება არასოდეს ვიყავი, ქართველად დავიბადე და, მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ. ჩემმა გარდაცვლილმა დედიკომ კარგად იცოდა ქართული, მამას კი,- ესმოდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. სახლში ქართულად საუბრობდნენ. ნათესავები და ქართველი მეგობრები, ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდნენ, დედას სულ ქართულად ელაპარაკებოდნენ. საქართველოს ნახვა ჩემთვის ყოველ დროს ოცნება იყო. პირველად ჩემს ოცნებას 2010 წელს შევხდი. ეს ისეთი გრძნობა იყო, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს მახსოვს. ამას ვერ აგიხსნით სიტყვებით, იმიტომ რომ, სიტყვები არ მყოფნის… წლების შემდეგ ინტერნეტი რომ შემოვიდა, დავჯექი და ქართული ანბანის ასო-ბგერები ერთ ღამეში ვისწავლე…
– დღეს ქალაქ საქარიასა და მეზობელ ქალაქებში ენის შემსწავლელი კურსები გახსენით...

1608896_691716680859497_1227732710_n (1)– რამდენიმე ადამიანმა, ვისაც ქართული ენა და კულტურა გვიყვარდა, განცხადება შევიტანეთ საქარიას მერის განყოფილებაში და ქართული ენის კურსები გავხსენით, მერე კონფერენციაც ჩავატარეთ, რომელიც საქარიის მერიის დიდ დარბაზში გაიმართა. ახლა საქარიაში უკვე 3 წელია ქართული ენის კურსებს ვატარებთ და წელს აქიაზიშიც დავამატეთ. საქარიაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. სამწუხაროდ, მთელი თურქეთის ახალ თაობაში ქართული ენა იკარგება. ამიტომ ჩვენი ერთობისთვის, პრობლემების მოგვარებისთვის, „დედა ენის“ სახელით და მისი გადარჩენისთვის კონფერენცია გავმართეთ. იქ გავიხსენეთ, ჩვენ ვინ ვართ და ქართული რას ნიშნავს ჩვენთვის, როგორ ვისწავლით და ვასწავლით ქართულს… ჩემი ქართული არ მყოფნის, ხან ვსწავლობ, ხან ვასწავლი. კლასში 20 სტუდენტია. 8-10 – წლის ბავშვებმა წერა-კითხვა ისწავლეს. ქართული ენის კურსების გარდა, ქართული ცეკვის კურსიც გაიხსნა და ძალიან გვიხარია.
– ვიცი, რომ თურქეთელი ქართველები ხშირად იკრიბებით…
– დიახ, ასეა, მე მოგიყვებით ერთ შეკრებაზე: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, მარმარილოს ქართველები მთაში, ერთ დიდ მინდორზე შევიკრიბეთ, სადაც ქართული ცეკვა, სიმღერა და ტრადიციული სანახაობა გავმართეთ. იქ ქართველები ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გავმართეთ. ასეთი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ისტორიული შეხვედრა იყო. საქარიიდან, საქარიის რაიონებიდან, სტამბოლიდან და მარმარილოს სხვადასხვა რეგიონიდან, საქართველოდან მრავალი ქართველმა მონაწილეობდა და ეს მომავალშიც ყოველ წელს უნდა გავაგრძელოთ, თურქეთელი ქართველისთვის საჭიროა ასეთი ურთიერთობები.
– თქვენი გვარის წარმომავლობაზე ბევრი რამ იცით, თავდგირიძეების საგვარეულო გერბიც, ამ გვარის მოწოდება-მიმართვაც ცნობილია.
– ჩვენი გვარი წარმოშობით მესხეთიდანაა, სადაც ის ციხე- სიმაგრეებს ფლობდა. თედო სახოკია თავის წიგნში „მოგზაურობანი“ წერს, რომ ოსმალების შემოსევის დროს თავადი მამუკა თავდგირიძე, აჭარას რომ ტოვებდა, თეთროსნის ეკლესიიდან თვალმარგალიტით შემკობილი ღვთისმშობლის პატარა საგვარეულო ხატი მისსავე აშენებულ აკეთის მაცხოვრის ეკლესიაში დაუსვენებია, სადაც მუსლიმი თავდგირიძეებიც ადიოდნენ და თავისი წინაპრების სულის საოხად ლოცულობდნენ.
ახლა ჩვენი გვარის მიმართვიდან გაგაცნობთ ნაწყვეტს: ,,მოუწოდებ თავდგირიძეთა ფეოდალური გვარის შვილებს და ჩვენს განაყოფ გვარებს გაერთიანებისაკენ, რომლებიც დღეს სხვა გვარებს ატარებენ. პირველ რიგში უნდა დავაფუძნოთ საგვარეულო კავშირი, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს გვარს. ჩვენთვის ძალზე საინტერესოა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი გვარისშვილები და მათ ოჯახებში შემონახული ისტორიული ნივთები, ფოტო-დოკუმენტები და სხვა საარქივო მასალები. მათ საფუძველზე შეიძლება გამოიცეს მეცნიერულად დასაბუთებული სამაგიდო წიგნი. აუცილებელია, თავდგირიძეთა ისტორიულ ნასახლარზე საგვარეულო მუზეუმის მოწყობა, სადაც თითო ძველ ნივთს ყველა შევწირავთ. ბათუმში უნდა გაიმართოს თავდგირიძეთა საგვარეულო ფორუმი, რომლის უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი უნდა იყოს ყველა ჩვენგანი. ყველა თავდგირიძე მოვალე ვართ გავავრცელოთ და მოვიძიოთ ინფორმაცია ეს იქნება მუზეუმი, არქივი, ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ საოჯახო არქივები“.
– ქართული გარეგნობა გაქვთ, ყველაზე მეტად რა გიყვართ?
-მადლობა… მე სულით და გულით ქართველი ვარ. ქართველობით ვამაყობ და საქართველოზე შეყვარებული ვარ. სიყვარულით ბევრი რამ მიყვარს: ძველი ქართული სიმღერები, ცეკვები, კულტურა, ქართველი ადამიანები მიყვარს… კიდევ ქართული საჭმლები მომწონს, ყველაზე მეტად კი – ხაჭაპური.

თეონა გოგნიაშვილი1558718_691716560859509_1476152403_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები