„უგულავას და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერს საქმესთან შემხებლობა აქვს“
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული საქმის წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ საქმის მასალებზე უგულავას და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერის დართვის შესახებ ისაუბრა. პროკურორის განცხადებით, გიგი უგულავას და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერი სანქცირებულია და საქმესთან შემხებლობა აქვს.
პროკურორმა აღნიშნულით უპასუხა პროცესზე გიგი უგულავას შეკითხვას, რომელმაც ბრალდების მხარეს მიმართა, რა შემხებლობა ჰქონდა მისი და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერის დართვას საქმეზე. “2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე სასამართლოსგან პროკურატურას ჰქონდა სანქცია მოსმენასთან დაკავშირებით. სწორედ ამის ფარგლებში მოხდა გიგი უგულავასა და მისი შვილის ჩანაწერის გაკეთება და ამას შემხებლობა აქვს საქმესთან”, – განაცხადა პროკურორმა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა უკვე წარმოადგინა. ამ დროისათვის მტკიცებულებათა ნუსხას კითხულობს დაცვის მხარე.
გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ საქმის მასალებზე მისი და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერის დართვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. უგულავა აცხადებს, რომ აღნიშნულ ჩანაწერს საქმესთან შემხებლობა არ აქვს და იგი უკანონოა.