შსს-მ ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ორი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივი სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კობა ზ. და 1968 წელს დაბადებული გივი ნ. ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალაქ გურჯაანში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. მათ წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი ჯავშანმანქანის მოძრაობის განრიგი და მარშრუტი.
სამართალდამცველებმა გივი ნ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ერთჯერადი ხელთათმანები, ნიღბები და კუსტარულად გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება და სასროლად ვარგისია. გამოძიება ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით მიმდინარეობს.
გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები