რატომ ვერ გამოცხადდა ევაკუაცია 13 ივნისის ღამეს – ექსკლუზიური ინტერვიუ გარემოს დაცვის მინისტრთან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კრიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ 13 ივნისის ღამეს ევაკუაციის გამოცხადებისთვის დრო ჰქონდათ, საფუძველს მოკლებულს უწოდებს.
“კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრი განმარტავს, რომ ხოჯანას ხევისა და ვერეს შეერთების ადგილზე წყალი ფაქტობრივად არ შეგუბებულა. შესაბამისად, სათანადო ორგანოებს ევაკუაციის გამოცხადებისთვის დრო არ ჰქონდათ. გიგლა აგულაშვილის თქმით, ის, რომ ადგილზე ხანგრძლივი დროით დაგუბება არ მომხდარა, ამაზე უამრავი ფოტომასალა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნაც მიუთითებს.

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეწყრის ფართობი 32 ჰექტარია, ანუ 32 ჰექტარი იყო მთა, რაც მოწყდა და მდინარე ვერეში ჩაიტანა. ამას დაემატა ნაშალი მასალა, მოგლეჯილი ხეები. ამიტომ წყლის მილში გატარება შეფერხდა. ყველაფერი ქალაქის ტერიტორიაზე შემოვიდა, დედაქალაქის მასშტაბით ჩვენ გვაქვს ერთი ავტომატური სადგური, რომელიც ნალექების რაოდენობას ზომავს, იმ კონკრეტული დღის განმავლობაში თბილისის აღმოსავლეთით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სეტყვა, შემდეგ აეროპორტიდან კახეთის გზატკეცილის მონაკვეთზე ნალექი პრაქტიკულად ძალიან ცოტა იყო და შავი ზღვის ქუჩის ჩათვლით, როგორც ამას თვითმხილველები მეუბნებიან, მინიმალური ნალექი მოვიდა, შემდგომ წვიმა ინტენსიურად იზრდებოდა. ჩვენმა ავტომატურმა სადგურმა დააფიქსირა 49 მილიმეტრი მოცულობა, რომელიც არ არის საგანგაშო, შესაბამისად, ამ ინფორმაციის საფუძველზე არანაირი ადეკვატური ზომები მიღებული არც იყო და ვერც იქნებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ ვერეს ხეობაში შექმნილ ვითარებას, თვითმხილველთა მონათხრობის და ამ პროცესებში ჩართული სპეციალისტების დაკვირვების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ 13 ივლისის ღამეს მდინარის აუზში აღნიშნული წვიმის შედეგად, სავარაუდოდ, მოვიდა დაახლოებით 100 მმ რაოდენობის ნალექი და მეტი, რაც წარმოუდგენელი მოცულობაა, მიუხედავად იმისა, რომ ვერე არ არის გრძელი მდინარე – 40 კმ-ია მისი სიგრძე, დიდი წყალშემკრები აუზი აქვს და მას ბევრი ღელე და მდინარე უერთდება. იმ დღეს იყო დიდი ოდენობის ნალექი, აუზში ყველაზე დიდი წყალი მოსალოდნელი იყო 240 მილიმეტრი კუბი მეტრ/წამში. ახლა, როგორც სპეციალისტები თვლიან, წყლის ნალექი 468 მეტრ/კუბი იყო. თითქმის გაორმაგდა მოცულობა.
ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის ახალდაბაში იყვნენ, ამბობენ, რომ ხილვადობა შეზღუდული იყო და ე.წ. წვიმის ფარდასავით მოდიოდა ნალექი, ჯამში ამ ორმა ამბავმა – ერთი მხრივ, მეწყრის ჩამოწოლამ და ჭარბი მოცულობის ნალექმა გამოიწვია შედეგები. მდგომარეობა მეწყერმა გაართულა. წყალი ისე მძლავრად მოექანებოდა, მთიდან მოწყვეტილი უზარმაზარი მასა აიტაცა და წამოიღო. მე ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის ისეთი ადამიანების დასკვნებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილან. ვნახე ასევე რამდენიმე ვიზუალური მასალა, ერთგვარი მოდელირება იქ შექმნილი ვითარებისა, რომ თითქოსდა, მოხდა დაგუბება და ასე შემდეგ – ეს ვითარებები აბსოლუტურად არ ასახავს რეალობას. სპეციალისტების, მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დასკვნები რომ შევაჯეროთ, არის თანხვედრა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ხოჯანას ხევისა და ვერეს შეერთების ადგილზე წყალი არ შეგუბებულა, შეგუბება შეიძლება წუთიერი იყო. არსებობს ფოტომასალა, რომელიც თვალნათლივ წარმოადგენს, იყო თუ არა იქ შეგუბება, ზოგადად, წლის დონე ასველებს კლდის ქანობს, კედელს, ამის მიხედვით მეორე დღესვე შესაძლებელი იყო გვეთქვა, რა დონეზე იყო წყალი აწეული, შესაბამისად, იქ რომ წყალი დაგუბებულიყო, ამისი კვალი უნდა დარჩენილიყო – ის მასობრივი დაგუბების კვალი არ ჩანს, თუმცა რომც დაგუბებულიყო, რა ინფორმაცია შეიძლებოდა მიეღო ვინმეს? გნებავთ სამაშველო სამსახურს ან კრიზისების საბჭო/ადამიანები, რომლების მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომ თითქოს იქ წყალი დაგუბდა და შეიძლებოდა ამ პერიოდში ევაკუაცია გამოცხადებულიყო ვერეს ხეობაში, ვფიქრობ, არ გამოირჩევიან პასუხისმგებლობის გრძნობით. ამ ტიპის განცხადებების უკან შესაძლოა, მოვძებნოთ გარკვეული მოტივაცია, მათ შორის პოლიტიკური, რომლის მიზანიც მთავრობის, შესაბამისი სამსახურების მიმართ უარყოფითი განწყობების შექმნა. ერთია სურვილები, მეორეა რეალური შესაძლებლობები. მე არ ვცდილობ, ვინმე გავამართლო, მე ვცდილობ რეალური, ობიექტური სურათი დავხატო, რათა სუბიექტივიზმი გამოირიცხოს, რეალურად გავაანალიზოთ, რომ მომავალში მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი მსგავსი ტრაგიკული შემთხვევებისაგან. ეს არ იყო ვერეს ხეობისთვის პირველი ამბავი, გასული საუკუნის მანძილზე რამდენჯერმე “გაიგიჟა“ თავი ვერემ, დღეს დამდგარი შედეგები ტრაგიზმით უფრო მასშტაბურია. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ სამომავლოდ ჩვენი სიფრთხილის თამასა უფრო მაღლა უნდა ავწიოთ, თუ გვსურს, რომ უსაფრთხო გარემო შევქმნათ“, – განუცხადა “კვირას“ გიგლა აგულაშვილმა.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები