საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ დაიწყო – ფოტოკოლაჟი
დღეს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ ოფიციალურად დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონიალი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ნატოს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დაწყება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა: „ქართველმა სამხედროებმა ძალიან ბევრ საერთაშორისო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დღესაც აგრძელებენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიო უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანას. ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა – ეს არის ძმობა იარაღით“.
გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ბევრი ოფლი და შრომა, მაგრამ ასევე, იქნება წარმატებისგან მიღებული სიხარული.
პროფესიონალიზმსა და ვაჟკაცობას ეროვნება არ გააჩნია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ყველა იმ სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელმაც „Agile Spirit 2015“ ორმხრივი სწავლებისგან მრავალეროვნული სწავლების რანგში გადაიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ დაწყებული სწავლება დიდ მეგობრობაში გადაიზრდება”, – განაცხადა კაპანაძემ.
სწავლების გახსნის ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. სწავლების ფარგლებში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი შეიქმნა, რომელიც, ძირითადად, ქართველი სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. სწავლებაში დამკვირვებლების სტატუსით სომხეთისა და მოლდოვას სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონია ჩართული. სწავლებაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები კი ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.