“ცესკოს თავმჯდომარემ იამაიკაზე 14 ათასად ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა“

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ იამაიკაზე 14 ათასად ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი ინიციატივის“ დამფუძნებელი ლაშა ფარულავა “კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. ფარულავას ინფორმაციით, თამარ ჟვანია იამაიკაზე მიმდინარე წლის მაისში არა საქმიანი, არამედ კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.
„საზოგადოებრივი ინიციატივია“ აღნიშნულ საკითხზე აქციის გამართვასაც აპირებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯებთან დაკავშირებით მასალები გამოვითხოვეთ, რა ხდება ცესკოს საქმიანობის მიმართულებით მაშინ, როცა წინასაარჩევნო პროცესი არ არის. ამ ეტაპზე ხელთ გვაქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მივლინებების შესახებ ინფორმაცია. ცესკომ მოგვაწოდა ინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული სამივლინებო ხარჯების შესახებ.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ცესკომ არასაარჩევნო პერიოდში, უცხოეთში მივლინებებში დახარჯა 75 ათასი ლარი. მოწოდებულ დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო ის ქვეყნები, სადაც ცესკოდან უცხოეთში ვიზიტებით იმყოფებოდნენ. მაგალითად, იამაიკაზე ვიზიტი 2015 წლის მაისში, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი დაუჯდა. შეუძლებელია, ცესკოს თამჯდომარე აღნიშნულ ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით ყოფილიყო.
ჩვენი ინფორმაციით, თამარ ჟვანია არ იყო საქმიანი ვიზიტით იამაიკაზე, ის იმყოფებოდა კერძო ვიზიტით, ანუ ჟვანიამ სახელმწიფოს ხარჯზე დაისვენა! ასევე, მითითებულია კენიაც. საინტერესოა, რატომ უნდა იყოს საქართველო დაინტერესებული კენიის საქმიანობით, ისევე, როგორც იამაიკით. კურორტებით გამოირჩევა იამაიკა და ქალბატონმა ჟვანიამ იმოგზაურა ჩვენი ფულით. ეს არის ძალიან დიდი პროტესტის საფუძველი. ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის ბიუჯეტიც სავალალო მდგომარეობაშია, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ცესკოს თავმჯდომარე არ უნდა ისვენებდეს ხალხის ჯიბიდან გადახდილი ფულით. ეს არის სამარცხვინო საქციელი!
კვირის დასაწყისიდან, დავძრავთ ამ საკითხს და ჩვენ, „საზოგადოებრივი ინიციატივა“, გავმართავთ აქციას და მოვუწოდებთ ცესკოს, რომ მსგავსი რამ არ უნდა გაბედონ, ხოლო ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ არ დაუშვას ბიუროკრატების სახელმწიფო ხარჯებით დასვენება“,-აცხადებს ლაშა ფარულავა.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ასევე “კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე აცხადებს, რომ ცესკოს დელეგაციამ იამაიკაზე რიგით მეათე საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები