თბილისში ახალი ურბანული პროექტი, „მომავლის ქალაქი” იწყება

თბილისის მერია და ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი გერმანიაში – ფრაუნჰოფერი, „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მონაწილეობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (KFW), ერთობლივ გლობალურ პროექტს – „მომავლის ქალაქი“  იწყებენ.

როგორც “კვირას” „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, არქიტექტურის დოქტორმა, ურბანისტმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, პროექტის ფარგლებში განიხილება ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები და CO2 -ის შემცირება, შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა,  წარმოება, მობილურობა და ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე უსაფრთხოება.

მისივე თქმით, ეს ის თემებია, რომლებიც წლების განმავლობაში დამუშავებულია კვლევითი ინსტიტუტის ფრაუნჰოფერის მიერ ევროპის დიდ და პატარა ქალაქებში და ეს არის ქალაქების განვითარების კარგად აპრობირებული თანამედროვე კონცეფცია, რომლის განხორციელებაც თბილისს, მსგავსად თანამედროვე წარმატებული ევროპული ქალაქებისა, აძლევს შანსს იქცეს ინოვაციურ, მდგრად, მწვანე ქალაქად, სადაც ქალაქის მაცხოვრებლებისათვის ცხოვრების მაღალი დონეა შექმნილი.

სალუქვაძის განმარტებითვე, დღეს თბილისში სტუმრად ჩამოვიდა „ფრაუნჰოფერის“ დელეგაცია დოქტორ მარიუს მორის ხელმძღვანელობით, დელეგაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს პროექტის დაწყების დეტალებს და სამუშაო გრაფიკს, ურბანული მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიასა და თბილისის განვითარების მომავალი სამოქმედო გეგმის მონახაზს.

პროექტს, მთელი მისი მიმდინარეობის განმავლობაში, კონსულტირებას გაუწევს ქართველ ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის არქიტექტორთა ქსელის“ (ENA) მიერ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის ძირითად მიზანს საქართველოში სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარებითი პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს.

მამუკა სალუქვაძის განცხადებითვე, „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „ფრაუნჰოფერის“ კვლევით ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით, აპირებს ის უახლესი და თანამედროვე კონცეფციები და მიდგომები, რომლებიც „ფრაუნჰოფერის“ მიერ წარმატებით ინერგება მსოფლიოს ქალაქებში (ბერლინი, ტოკიო, კოპენჰაგენი, ფრაიბურგი, პრაღა და სხვა) ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც.

ამ პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი “მომავლის ქალაქი” იქნება რეგიონში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია სამშაბათს გაიმართება, სადაც საზოგადოებას უფრო დეტალურად მიეცემა საშუალება პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები