საკრებულოს წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში მოისმინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები – გულიკო ზუმბაძე და ირაკლი ფავლენიშვილი, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის – უჩა ნანუაშვილის მიწვევით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის – ბავშვის უფლებებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შედეგები მოისმინეს.
„სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა უფლებების დარღვევის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ამიტომ ყოველთვის, მით უფრო კი მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებების მიღებისას საქმე ბავშვებს ეხება, ყველა ადეკვატური უნდა იყოს და გრძნობდეს პასუხისმგებლობას. ამასთან, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის, თბილისის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ადმინისტრაციული რგოლი უნდა შეიქმნას. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, როგორც პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას ამ მიმართულებით “, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებების თავი მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ, ჯანდაცვის უფლების განხორციელება, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა და სხვა.
შეხვედრას, საკრებულოს წარმომადგენლების გარდა, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და „ღია საზოგადოება – საქართველოს“, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები