არაოლიმპიური სპორტის ფედერაციები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფესტივალს გამართავენ

არაოლიმპიური სპორტის ფედერაციები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 4 და 5 ივლისს მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფესტივალს მართავენ. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის და ბოდიფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაალ რუხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ღონისძიების პირველი დღე სპორტს, მეორე დღე კი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს დაეთმობა. საქველმოქმედო ფესტივალიდან შესული თანხა კი მთლიანად სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.
„ 4 და 5 ივლისს ლისის ტერიტორიაზე არაოლიმპიური სპორტების საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართება, რომელიც მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით ტარდება, ფესტივალი 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ემსახურება. მსგავსი ფესტივალი საქართველოს ისტორიაში პირველია. თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი და საქველმოქმედო მიზნით. მომავალშიც ვაპირებთ ფესტივალების გამართვას. 4 ივლისს გაიმართება არაოლიმპიური ფედერაციების აქტივობები, ხოლო 5 ივლისს ათი დიჯეის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იქნება. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებათ. 4 ივლისს დასწრება უფასოა, მხოლოდ საქველმოქმედო ყუთები იდგება, ხოლო 5 ივლისს ფესტივალზე დასწრება 10 ლარი ეღირება“,-განაცხადა ზაალ რუხაძემ. 4 ივლისს ფესტივალზე ექსტრემალური სპორტის სახეობები იქნება წარმოდგენილი. როგორც უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ღონისძიებაში მონაწილეობას 7 ფედერაცია მიიღებს, თუმცა არ გამორიცხავს, ღონისძიებას სხვა ფედერაციებიც შეუერთდნენ. ფესტივალში თბილისელ სპორტსმენებთან ერთად რეგიონებიდან ჩამოსული სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. „ ამ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი და იდეის ავტორი ბატონი ზაალ რუხაძეა, ამ იდეას არაოლიმპიური სპორტების 7 -მა ფედერაციამ მხარი დავუჭირეთ. სპორტის ისტორიაში მსგავსი ფესტივალი პირველია, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა არაოლიმპიური სახეობის სპორტის ფედერაციებიც დაგვემატებიან. ჩვენ ჩვენი ქვეყნის გვერდით ვიქნებით ყოველთვის, როცა კი ჩვენი დახმარება საჭირო იქნება. 4 – ში ძალიან ექსტრემალური სპორტის სახეობები იქნება, 7-ვე სპორტის სახეობა ძალიან საინტერესოა და ვეპატიჟებით ყველას. ფესტივალში მონაწილეობას ბოდიბილდინგის, ძალისმიერი ფიტნესის, უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების, ათლეტიზმის, შავფაროსნების, უშუს და აისოფტის ფედერაცია მიიღებენ. სპორტსმენებს ველოდებით რეგიონებიდანაც, მათ შორის ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ახმეტიდან“,- განაცხადა ავთანდილ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები