სახალხო დამცველი: ქალთა N5 დაწესებულებაში შემოწმებისას პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ

ქალთა N5 დაწესებულებაში შემოწმებისას პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
სახალხო დამცველის შეფასებით, ქალთა N5 დაწესებულებაში პატიმართა მიღების დროს მათი შემოწმების პროცედურა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელია.
სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვას ითხოვს.
„ეს რეალურად, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი მოპყრობაა, როდესაც საპყრობილეში შესვლის დროს, პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ. ეს დაუშვებელია. ეს ყველაზე საგანგაშო ფაქტი იყო. პირობებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები ნაკლებად ფიქსირდება. მდგომარეობა ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულიც არის, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტია, რომლის იდენტიფიცირება ჩვენ მოვახდინეთ“, – განაცხადა ნანუაშვილმა. ომბუდსმენის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, რათა დაწესებულებაში მიღების დროს, პატიმრის შემოწმება მისი ღირსების შელახვის გარეშე მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები