ფინეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე არ შეუშვა

ფინეთის გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს და სანქციების სიაში მყოფ რუსეთის სხვა მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცათ. ისინი ფინეთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყვნენ, რომელიც 5-9 ივლისს გაიმართება.

კრემლმა ამასთან დაკაშირებით კომენტარი უკვე გააკეთა.

„ეს ყოვლად აღმაშფოთებელია. ჩემი ინფორმაციით, ეს ორმხრივი ღონისძიება არ არის, არამედ საერთაშორისო კონფერენცია, თუმცა უფრო დეტალურ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც პარტია „ედინაია როსია“ იუწყება, ნარიშკინი უკვე შეხვდა ფინეთის პარლამენტის წევრებს: ეერო ჰეინალუომოს და კაი მიუკენენს. ნარიშკინმა განუცხადა ფინელ პარლამენტარებს, რომ რომელიმე ქვეყნის პარლამენტის წევრის შეზღუდვა გადაადგილების მხრივ პარლამენტარიზმის სულისკვეთებას და დემოკრატიის პრინციპებს არ შეესაბამება.

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესეს. დონბასში კონფლიქტის ესკალაციის გამო დასავლეთმა სანქციები გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები