მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას პასუხობს
მთავარი პროკურატურა დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ბრალდებებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს:
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდებულ გიორგი უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ 2014 წლის 07 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გიორგი უგულავას და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურატურამ დაცვის მხარეს, სრულად გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის თბილსის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ბრალდებულ გიორგი უგულავას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მიღებული მასალები პროკურატურამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს და სწორედ დაცვის მხარის, კერძოდ ბრალდებულ გიორგი უგულავას მიერ 2014 წლის 12 მარტს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომის წინა დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პროკურატურის დისკრედიტაციის მიზნით, მოხდა საუბრების შინაარსის დამახინჯებული ნაწილობრივი განსაჯაროვება,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ “თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებულ საქმეს პროკურატურამ უგულავას მიერ შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი დაურთო. დედაქალაქის ყოფილმა მერმა სწორედ, ეს ჩანაწერები გააპროტესტა.