ლიზა ბათიაშვილმა კონცერტი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად გამართა
28 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა კონცერტი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად გამართა. მუსიკოსს პარტნიორობას უწევდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საქველმოქმედო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სამების საპატრიარქოს გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი. კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაერიცხება. ლიზა ბათიაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული მევიოლინეა. ჟურნალმა Musical America-მ ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა. „ძალა, სრულყოფილება და ბუნებრივი არტისტიზმი“, – ასე შეაფასა ცნობილმა ნიუ-იორკელმა კრიტიკოსმა რობინ ტაბაჩნიკმა ქართველი მუსიკოსის შესრულება. New York Times-მა კი მას საქართველოს სიამაყე უწოდა.