ბათუმის პორტში ამერიკული ნაღმოსანი “ლაბუნი” შემოვა

ბათუმში 27-29 ივნისს ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58) შემოვა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის.
მათივე თქმით, „ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული. „ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად. საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და უმასპინძლებს სტუმრებს.
„ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება. აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ“,-ნათქვამია აშშ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები