„ისლამური ხალიფატი“ უკვე კავკასიაშია – აჭარა, ქვემო ქართლი, აფხაზეთი – ეს ის რეგიონებია, საიდანაც რადიკალმა ისლამისტებმა შესაძლოა, მომხრეების გადაბირება შეძლონ

„ისლამური ხალიფატი“ უკვე ჩრდილოეთ კავკასიაშია“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გააკეთა.
მაისაიამ ჟურნალისტებთან იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც შეიძლება აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც კი შეექმნას. ექსპერტის მოსაზრებით, რადიკალურ ისლამს მხარდამჭერები პანკისის რეგიონშიც ჰყავს, თუმცა პანკისზე მეტად მან ყურადღება აჭარაზე, ქვემო ქართლსა და აფხაზეთზე გაამახვილა. მისი თქმით, ესენი შეიძლება იყოს ის ახალი წერტილები, საიდანაც მათ შესაძლოა, მეტი მომხრის გადაბირება მოახდინონ.
„ისლამური ხალიფატის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეიხ მუჰამედ აბლ ადნანმა უკვე თქვა, რომ „ისლამური ხალიფატის“ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნა. მისი მეთაური წარმოშობით კადარის რაიონიდან, აბუ მუჰამედ ალ-კადირიელი, ანუ რუსტამ ასილდეროვი გახდა. ტერიტორია 4 ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკას მოიცავს , ესენია: ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ყაბარდო ბალყარეთი. ეს ადმინისტრაციული ერთეული სწორედ ამ სივრცეში იატაკქვეშეთში მოქმედებს. ისლამური ხალიფატი უკვე კავკასიაშია. ამ კუთხით საუბარია არა მარტო ჩრდილო კავკასიის, არამედ მთელი კავკასიის ვილაიეთზე, ამ შემადგენლობაში საქართველო, აზერბაიჯანი და შესაძლოა, სომხეთიც კი შევიდეს და ამან მოიცვას მთელი კავკასია. რაც შეეხება პანკისში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა იქ სტაბილურია და საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობა მზად არის რადიკალური ისლამის წარმომადგენლებს პასუხი გასცეს, თუმცა იქ არიან რადიკალური ისლამის მხარდამჭერებიც, რომლებიც შესაძლოა, გააქტიურდნენ იმის გამო, რომ მათი მთავარი მხარდამჭერი ძალა უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩნდა. მაგრამ პანკისზე მეტად მე ყურადღებას სხვა ისლამურ ანკლავებზე გავამახვილებდი, როგორიცაა აჭარა, ქვემო ქართლი და არ გამოვრიცხავ ამ კუთხით აფხაზეთშაც. ესენი შეიძლება იყოს ის ახალი წერტილები, საიდანაც მათ შესაძლოა, მეტი მომხრის გადაბირება მოახდინონ. ამ რეგიონებში შეიძლება ბევრად მეტი ადეპტები შეირჩეს, ვიდრე პანკისში. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ხალიფატის მომხრეთა რაოდენობა გაიზრდება. ამას ხელს უწყობს ის რთული სოციალურ – ეკონომიკური ვითარება, რომელიც არსებობს რუსეთში, კორუფციის მაღალი დონე, კრემლის რეპრესიული ტიპის ღონისძიებები“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები