სანდრო გირგვლიანის საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესუალურ მოქმედებებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს, დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალდებულად ყოფნის ვადიდან გამომდინარე დაუზუსტდათ ბრალდებები, საქმის ნაწილობრივ სასამართლოში გასაგზავნად. „კვირა“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ს. გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესუალურ მოქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმეზე ბრალდებულებს – ი.მერაბიშვილს, დ.ახალაის და ო.მელნიკოვს, ბრალდებულად ყოფნის ვადიდან გამომდინარე, დაუზუსტდათ ბრალდებები, საქმის ნაწილობრივ სასამართლოში გასაგზავნად.
შეგახსენებთ, რომ დ.ახალაიას და ო.მელნიკოვს საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ორ დამოუკიდებელ ეპიზოდზე, ეს არის ს.გირგვლიანის და ვ. აბულაშვილის ეპიზოდები. დათა ახალაიას ბრალი ედება ს.გირგვლიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, ასევე მოქალაქეების: ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით.
ივანე მერაბიშვილს ბრალი ედება ს.გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით. ოლეგ მენიკოვს ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (სანდრო გირგვლიანის, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდები), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 333-ე მუხლებით. გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველს ბრალი ედებათ მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე და 333-ე მუხლებით.
ზემოხსენებული ბრალდებების ირგვლივ ბრალდებულების საქმე 12 მარტს წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ოქროყანის სასაფლაოს ეპიზოდს, ს.გირგვლიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ნაწილში, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, რომლის შედეგების შესახებ მთავარი პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით დამატებით აცნობებს საზოგადოებას. ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9- დან 15 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.