“თავისუფალი თაობა” გიგი უგულავას სახლის სტიიქით დაზარალებულებისთვის გადაცემას ითხოვს
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა უგულავას მეუღლეს მოუწოდეს, რომ პასუხი გაეცა მათთვის, თუ როგორ მოახერხა უგულავამ, მერობის პერიოდში 2 მილიონ დოლარად შეფასებული ფეშენებელური სახლის შეძენა.
„დიდი არითმეტიკა არ სჭირდება, რომ მერი, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობს, ასეთი ძვირად ღირებული სახლის შეძენას ვერ მოახერხებდა. ჯობს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ეს და კიდევ სხვა მრავალი ქონება სწორედ იმ გზების მშენებლობებიდან არის „მოტეხილი“, როგორიც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა გახლდათ და იმის გამო, რომ მისი ხარისხიანი მშენებლობისათვის საკმარისი თანხები არ იხარჯებოდა, მოხდა ის უბედურება, რომელმაც 13 ივნისს უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,ზოგიერთი მოქალაქე კი საერთოდ უსახლკაროდ დატოვა“,- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, უგულავას 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბინა დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ.
“თავისუფალ თაობას “ სამართლიანად მიგვაჩნია, გიგი უგულავას 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბინა სწორედ რომ დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ, ვინადან ეს სახლი ნაყიდია არა შრომით ნაშოვნი ფულით, არამედ ისევ და ისევ თბილისის მოქალაქეებისათვის მოპარული და დამალული ხარჯებით“, – აცხადებენ „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები.
„თავისუფალი თაობის“ დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა აქციის მსვლელობის დროს მოსახლეობას მოუბოდიშა, რომ ორგანიზაციას აქციის გამართვა სამგლოვიარო დღეებში მოუხდა.