გერმანიის მთავრობა საქართველოს 124. 5 მილიონ ევროს გამოუყოფს

  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის და ”ენერგეტიკისა და კლიმატის ფონდის” (EKF) ფარგლებში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ფინანასთა სამინისტროს ცნობით, “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის და ”ენერგეტიკისა და კლიმატის ფონდის” (EKF) ფარგლებში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ (2013)” შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას და ითვალისწინებს გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის ჯამურად 115,0 მლნ ევრომდე ოდენობით ფინანსური რესურსის და 9,5 მლნ ევრომდე ოდენობით ფინანსური დახმარების (გრანტის) გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა, აჭარის სოფლების წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა, აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა – სანაპირო ზოლის დაცვა, საფინანსო სექტორის პროგრამა სოფლისათვის. დღესვე, ხელი მოეწერა „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმს.
ოქმის მიზანია, ხელი შეუწყოს საგადასახადო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და უზრუნველყოს საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პროექტების მეშვეობით ქართული ეკონომიკა უფრო დაუახლოვდება ევროპულ ეკონომიკას. რაც შეეხება მეორე შეთანხმებას, მინისტრის თქმით, ესაა შესაძლებლობა, რომ საქართველომ უფრო მეტად გახსნას ეკონომიკა უცხოელი, მათ შორის, გერმანელი ინვესტორებისთვის, რათა მათ მოახდინონ საკუთარი სახსრების თავისუფლად ინვესტირება ქვეყანაში.
„დღეს ხელმოწერილ დოკუმენტებს აქვთ როგორც ეკონომიკური და ფინანსური, ისე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ეს ნიშნავს გერმანიის მთავრობის ნდობას, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად განვითარდება. ჩვენი თანამშრომლობა გერმანიის მხარდაჭერის ნათელი მაგალითია საქართველოს ევროპულ გზაზე,“ – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა.
სტატისტიკური მონაცემებით, გერმანია საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. 2009-2013 წლების პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 2 326 031 800 აშშ დოლარი. აქედან, გერმანიიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009-2012 წლებში შეადგენდა 198 518 400 აშშ დოლარს. გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა KfW-ს მეშვეობით საქართველოსთან დაიწყო 1993 წლიდან. დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 465 მლნ ევრო გრანტის და შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანიის მხარდაჭერით განხორციელებული ორი პროექტი: შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი (დასრულებული პროექტი) და ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (მიმდინარე პროექტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები