თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული ვაზგენ ალავერდიანის ოპერაციის ხარჯებს დაფარავს
თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ვაზგენ ალავერდიანს ოპერაციისთვის საჭირო თანხა თბილისის მერიამ სრულად აუნაზღაურა.
ვაზგენ ალავერდიანი წყნეთის ქუჩის მაცხოვრებელია. მას ექიმებმა კისრის ლიმფური კვანძების დაუზუსტებელი დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს და კისრის ლიმფური კვანძების გაშლილი დამზოგველი ამოკვეთის ოპერაცია დაუნიშნეს.
სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით თბილისის მერს – დავით ნარმანიას მიმართა.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ვაზგენ ალავერდიანს ოპერაციისთვის მოთხოვნილი თანხის მთლიანად დაფინანსების თაობაზე საგარანტიო წერილი გასცა.
როგორც ვაზგენ ალავერდიანმა განაცხადა, სტიქიის შედეგად, როდესაც ის მეზობლებს ყვირილით აღვიძებდა და მათ გაქცევისკენ მოუწოდებდა, მისი მდგომარეობა გართულდა.
მისი თქმით, როგორც ექიმებმა განაცხადეს, ჯანმრთელობის გაუარესება სტრესმა და მაღალმა ნერვულმა ფონმა გამოიწვია. ვაზგენ ალავერდიანი ოპერაციულ მკურნალობას „ავერსის“ კლინიკაში გაივლის.