ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება
“ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებელი აღარ იქნება ვალდებული, ამ მიმართულებით საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება იქონიოს.
„ახალი რედაქცია იძლევა საშუალებას, არ იყოს შეზღუდვა საწარმოო გამოცდილების არსებობასთან დაკავშირებით, რაც, რასაკვირველია, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არ შეაფერხებს ნავთობგადამუშავების სფეროში ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ერთვის თან.
ცნობისთვის: კანონის მოქმედი რედაქციით, ნავთობგადამუშავების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღების მსურველს 5-წლიანი გამოცდილების ქონა მოეთხოვება – მან უნდა წარადგინოს იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაგეგმილი ცვლილებებით კი, აღნიშნული პირობა აღარ წარმოადგენს სავალდებულოს და ლიცენზიის მაძიებელი ინფორმაციას გამოცდილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში წარადგენს.
გარდა ამისა, “ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები.
აღნიშნული ცვლილება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.