სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა. როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს მოხდება 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებათ. რეგისტრაციის შემდგომ, აღნიშნული სახლები კერძო საკუთრებაში გადაეცემა 1000-მდე ეკომიგრანტ ოჯახს, მათ შორის 571 ოჯახს წალკის მუნიციპალიტეტში.

მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმებმა ეკომიგრანტებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურა 11 ექიმი: თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი. ასევე, ჩატარდა დიაგნოსტიკური კვლევები. წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ“ ეკომიგრანტ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები