ალმა-ატაში ქართული კინოს კვირეული გაიმართება
25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში ქართული კინოს კვირეული გაიმართება, რომელიც, ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაციის გარდა, ქველმოქმედებასაც ისახავს მიზნად. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საქველმოქმედო ვახშამი და აუქციონი, შემოსული თანხა კი 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.
ქართული კინოს კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“, ასევე ქართული კინემატოგრაფიის შედევრები: ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“.
კვირეულის მიმდინარეობისას გაიმართება ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia“, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი. ქართული კინემატოგრაფიის კვირეული საქართველოს საელჩოს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის და ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.