სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრებს მტკვარში ეძებენ
13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სამი ადამიანის ცხედრების საძიებო სამუშაოები მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები დაგეგმილია მდინარის მთელ პერიმეტრზე. მაშველებმა ე.წ. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება როგორც მტკვრის პერიმერტზე, ასევე ქვემო ქართლში.
მისივე თქმით, დეპარტამენტმა აზერბაიჯანელ კოლეგებს მიმართა, რომ ცხედრების აღმოჩენის შემთხვევაში ქართულ მხარეს აცნობონ. „სამძებრო სამუშაოები გრძელდება მთელი მტკვრის პერიმეტრზე – როგორც თბილისში, ასევე ქვემო ქართლში, რადგანაც არის ვარაუდი, რომ მიცვალებული შეიძლება იყოს მტკვარში გატანილი და აგრეთვე არაა გამორიცხული, იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე ოფიციალურად მივმართეთ. ისინი გვეხმარებიან, თუ იქით იქნება აღმოჩენილი მიცვალებული, რომ მყისიერად გვაცნობონ“,-განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.