„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება
„მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება“,- ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„რადგანაც, შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ მოამზადა ფილმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კანალიზაციის დროებითი კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა, რომლის ქვედა წელში მოხალისეები იდგნენ და გამწმენდ და აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. თბილისის მერმა დავით ნარმანიან აღნიშნულ ქმედებას დროებით ღონისძიებას უწოდა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიისთვის რაიმე სახით მითითებას ადგილი არ ჰქონია.