ჯაბა სამუშია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს

თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ჯაბა სამუშიას მიაჩნია, რომ “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადება, რომ მძღოლებს კონდიციონერების ჩართვისკენ მოუწოდებს, სიცილისმომგვრელი იყო.
“ანუ რა გამოდის, კომპანია კი არ არის მთავარი მოქმედი პირი, არამედ მძღოლი? კომპანიამ უნდა გამოსცეს ბრძანება და კი არ უნდა თხოვოს, მოითხოვოს კონდიცირების ჩართვა, იმიტომ რომ ეს მათი ვალდებულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში – თუ საჭირო კონდიცირება არ იყო, გათბობის სისტემის არსებობა, სამ მგზავრზე მეტის ფეხზე დგომის აკრძალვა – რატომ გაიმარჯვა ამ ოთხმა კომპანიამ, რომელიც რეალურად ერთია? ტექნიკურად მანამდე არსებული სამარშრუტო ტაქსებიც გამართული იყო და მათ ევლოთ”, – განაცხადა სამუშიამ.
ჯაბა სამუშია ხაზს უსვამს, რომ წინა ხელისუფლების დროს თბილისის მერიამ აღნიშნულ კომპანიასთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც სატენდერო პირობები არ აისახა.
“ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლებამ დადო მიკროავტობუსთან. ამ ხელშეკრულების იურიდიული მხარე პირდაპირ მორგებულია კომპანიის ინტერესებს. სატენდერო პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, კონდიცირების სკაითხი და ამაზე სპეციალური ქულა იწერებოდა. ვინაიდან მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა უნდა განხორციელებულიყო ცხოვრებაშიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როდესაც ხელშეკრულება გააფორმეს, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, მაშინდელმა მერიამ სირაქლემის პოზიცია დაიკავა და ეს მოთხოვნა კონდიცირების შესახებ ხელშეკრულებაში არ დევს. არადა, ეს იყო მთავარი პირობა, როდესაც თავის დროზე ტენდერი ჩატარდა. ამიტომაც ეს არის ის პირობა, რომლითაც გაიმარჯვა ამ კომპანიამ და კომპანიამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება”, – განაცხადა სამუშიამ.
მისივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლებამ ისე გაყიდა ეს სფერო, მერიას სამართლებრივად არანაირი ბერკეტი არ დაუტოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად კომპანიის მესვეურებს არაერთხელ შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის დადგომამდე 200 ათასს ლარზე მეტი ხარჯი გასწია სამარშრუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხრელად. დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდიციონერი, გარდა ამისა, კომპანიამ გაითვალისწინა რა მძღოლების ინტერესებიც, შეუმცირა მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახდელი, რაც თავისთავად მძღოლს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში: ტ: 2 200 340.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები