კულტურის მინისტრი პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მონაწილე მწერლებს შეხვდა

22 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მონაწილე მწერლებს შეხვდა და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელშიც 35 თანამედროვე ქართველი მწერალი იყო ჩართული. პროექტმა საქართველოს 5 რეგიონი: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, სამეგრელო და კახეთი უკვე მოიცვა. „ცოცხალი წიგნები“ შემოდგომიდან განახლდება და წლის ბოლომდე საქართველოს ყველა კუთხეს სულ 75 მწერალი მოივლის.
2015 წლის აპრილიდან, თანამედროვე ქართველი მწერლების 5-კაციანი მობილური ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს და სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში მკითხველთან შეხვედრებს მართავს. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე. პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები – მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“. პროექტი ოთხ ეტაპად ხორციელდება; წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები