ადამიანებმა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სტრესი მიიღეს, ჰომეოპათიური აკადემია უსასყიდლოდ დაეხმარება
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგები – გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები, მოკლული, დამხრჩვალი და გაუჩინარებული ცხოველები, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა. შედეგები, რომლებმაც ადამიანებში ყველაფერთან ერთად დიდი სტრესი გამოიწვია.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტის, სტრესის ცენტრის ხელმძღვანელის, თინა თოფურიას ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. აქცია მიზნად ისახავს ადამიანებში სტრესის შემდგომი გართულებების პრევენციას. იმ ადამიანებს, რომლებმაც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად სტრესი მიიღეს, შეუძლიათ მიმართონ ჰომეოპათიურ აკადემიას (სტრესის ცენტრს) და მიიღონ სრულიად უფასოდ ჰომეოპათიური წამლები, რომლებიც მათ დაეხმარებათ თავიდან აიცილონ სტრესის შემდგომი გართულებები.
როგორც „კვირას“ სტრესის ცენტრის ხელმძღვანელმა თინა თოფურიამ განუცხადა, მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ადამიანებს ჯერ მხოლოდ მწვავე სტრესი აქვთ მიყენებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მათ სტრესის შემდგომი გართულებები დაეწყებათ.
„მოსახლეობამ ამა თუ იმ დოზით გადაიტანა სტრესი, რომელიც ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ორგანიზმზე, ეს ზემოქმედება ვლინდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ დროს, როდესაც მოხდა სტრესის გადატანა, არამედ – შორეულ მომავალშიც. ნებისმიერ სტრესს გააჩნია პოსტსტრესული უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც ძალზედ სახიფათოა, როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ დონეზე. ჩვენი ჰომეოპათიური წამლები არის ერთგვარი პრევენცია სტრესის შემდგომი გართულებებისა. ჩვენი წამლები, რომლებსაც პირობითად, სტრესინი, სიმშვიდე და ანტისტრესული ვუწოდეთ, მიღებულ სტრესს სიმძაფრეს უკარგავს და ადამიანისთვის მხოლოდ მოგონებად რჩება, ყოველგვარი უარყოფითი გავლენების გარეშე“, – აღნიშნავს თინა თოფურია. თინა თოფურიას განცხადებით, აქციის ფარგლებში სტრესის ცენტრს 2 დღის განმავლობაში უკვე 150-მდე ადამიანმა მიმართა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნული აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
„მე დავიწყე აქციები და უკვე ჩავატარე შაბათ-კვირას. ეს არის ადამიანებისთვის სტრესის მოხსნის აქცია, რომ სტრესის შემდგომი გართულებები არ მოხდეს. ამ სტიქიის შემდგომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მას, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ სტიქიას, სხვა მიდგომა სჭირდება, მას, ვინც ეს ყველაფერი ტელევიზიით ნახა, სხვა, სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებს სხვა და ა.შ. ჩვენი გუნდის გამოცდილება ძალიან დიდია. მაგალითად, თბილისის მიწისძვრის დროს 18 000 ოჯახი მოვიდა, როდესაც ჩვენ ასეთი აქცია გამოვაცხადეთ, აფხაზეთის ომის დროს 10 000 ოჯახს დავეხმარეთ და ა.შ. ამჟმად ამ ხალხის მკურნალობის საჭიროება არაა, მათ მძაფრი სტრესი აქვთ ჯერ, მაგრამ თუ დაგვიანდა პრევენცია, შემდეგ მკურნალობა გახდება საჭირო“, – განაცხადა თინა თოფურიამ.
მისივე თქმით, ადამიანზე სტრესის უარყოფითი გამოვლინება ფიზიკური და ფსიქიკური გამოვლინებით გამოიხატება.
„სტრესის შემდგომი გართულებები შეიძლება გამოვლინდეს ორი ფორმით, ფიზიკური და ფსიქიკური. ფიზიკური გამოვლინება გამოიხატება სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით, მაგალითად, კუჭის წყლულით, ინფარქტით, ღვიძლის დაზიანებით და ა.შ. ფსიქიკური: დეპრესიები, აღგზნებული მდგომარეობები, შიშები, ფობიბი, უძილობა, ნევროზი და შესაძლოა, სუიციდებიც კი გახშირდეს. ადამიანებს უკვე დაეწყოთ შიშები, თუნდაც, ეს დღეები არ გამოდიან ქუჩაში, ეშინიათ ცხოველების და ა.შ. ეს მისახედია ,ეს პრობლემაა და რაც უფრო მალე მიხედავს ადამიანი თავის ჯანმრთელობას, მით ნაკლებია საფრთხე და რისკი გართულებებისა“, – განაცხადა თინა თოფურიამ.