გიორგი ჩხიკვიშვილი: ტექნიკური სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება

რამდენიმე საათში ტექნიკური სამუშაოები მორჩება და ყველას ექნება საშუალება თანაბარ პირობებში შეიძინოს ბილეთები, – ამის შესახებ biletebi.ge–ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, biletebi.ge-მ, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, 22 ათასი ლარის ღირებულების აპარატურა შეიძინა.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ biletebi.ge-ს ტექნიკური პრობლემების მოგვარებისთვის, ფეხბურთის ფედერაციისგან 45 ათასი ლარი გადაეცა, ჩხიკვიშვილი უარყოფს.
“ეს ასე არ არის, ეს არის საკომისიო თანხა, კონტრაქტის ღირებულება, რომელიც ჩვენ უნდა აგვეღო გაწეული სერვისისთვის. კონტრაქტი გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასთან, მაგრამ თანხა ჯერ გადმორიცხული არ არის, ანუ წინასწარ ჩვენ თანხა არ გვქონია”, – განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
მისივე განმარტებით, ბარსელონასა და სევილიას გულშემატკივრები ამჟამადაც ერთნაირ პირობებში არიან ჩაყენებული.
“გულშემატკივარი მინდა დავამშვიდო, რომ ჯერ გაყიდულია მხოლოდ რამდენიმე ათეული ბილეთი, რადგან დიდი დატვირთვის გამო, საიტმა შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება”, – აღნიშნა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
biletebi.ge-ზე მომხმარებლები სუპერთასის ბილეთებს ვერ ყიდულობენ.
11 აგვისტოს კი, თბილისში, “დინამო არენაზე” 22:45 საათზე “ბარსელონა” “სევილიას” დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები