ე.წ. ჩაის, ბიოს და სპაისებთან მიმართებაში კანონი მკაცრდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნარკომომხმარებელ ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაამკაცროს კანონი ე.წ. სპაისებთან მიმართებაში, რომელსაც არაერთი ახალგაზრდა უკვე ემსხვერპლა.
“კანონი მკაცრდება. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სულ რამდენიმე კვირა ვადროვოთ საზოგადოებას, ეს გაითავისოს და ეს არის სწორედ ევროპული მიდგომა.
ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი ძალაში, სავარაუდოდ, აპრილში შევა და მინდა მივმართო ყველა ახალგაზრდას, არა მხოლოდ ბიჭებს, არამედ გოგონებს, რომ რაც შეიძლება მალე დაემშვიდობონ იმ ე.წ. ჩაის, ბიოს თუ სპაისებს, რომლებიც მათ ანგრევს, ანადგურებს და სწირავს სიკვდილისთვის, რადგან ძალიან მალე ეს მკაცრად დასჯადი იქნება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, დასჯადი იქნება, თუ ვინმე ვინმეს ბინაში ამ ნივთიერებების ორგანიზებულ მოხმარებას მოაწყობს, შეიკრიბებიან და ამ ახალ ნივთიერებას მოიხმარენ. თეა წულუკიანის განცხადებით, ის, ვინც არის ნარკოტიკის შემომტანი და გადამზიდველი, ოჯახებისა და თაობების გამაუბედურებელი, უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე დღეს ისჯება.
“მე ვემხრობი და ჩვენი შემოთავაზებაა და ამას მალე კანონპროექტად ვაქცევთ, რომ შემოვიდეს ახალი ოდენობის ცნება, მაგალითად, კომერციული ოდენობა, 10 კილო კანაფი იქნება კომერციული ოდენობა და, რაც არ უნდა ამტკიცოს ბრალდებულმა, რომ ის მოხმარებისთვის უნდოდა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან 10 კილო კანაფი არ არის მომხმარებლის დოზა. ჩვენ უნდა დავარტყათ უფრო მკაცრად იქ, სადაც არიან გამსაღებლები, შემომტანები, გადამყიდველები და ამ ქვეყნიდან გამტანები, რადგან საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას ხელს უწყობენ”, – აღნიშნა მინისტრმა.