საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 44 მლნ, 732 ათასი ლარით გაიზარდა, რომლის ძირითადი ნაწილი 13-14 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს, დაზარალებული მოსახლეობის დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მოხმარდება.
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ. საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმა დაამტკიცეს. ასევე განიხილეს და თანხმობა მისცეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის: დედაქალაქის ზოგიერთ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კომპანიიის კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელებას, შპს „ჰერმესის“ კაპიტალის გაზრდას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, დროებით სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემას და შპს ,,სინათლის ქალაქის“ მიერ სპეცტანსაცმელის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას. სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები