ოთარ დანელია თხილის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში თხილის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაციის “ოქსფამი” ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. კონფერენციის მიზანს სახელმწიფო სტრუქტურების, თხილის დარგში მომუშავე კერძო კომპანიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევით, თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისათვის მძლავრი სამეცნიერო ბაზის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.
“თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ვგეგმავთ სოფელ დარჩელში კოოპერატივის შექმნას, სადაც სასაწყობე და საშრობი მეურნეობები აშენდება და თხილის მწარმოებელ ყველა ფერმერს შესაძლებლობა ექნება მინიმუმამდე შეამციროს ის დანახარჯები, რაც თხილის ტექნიკურ დამუშავებასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს არის კარგი დასაწყისი და კერძო სექტორის ჩართულობა აუცილებლად გაიზრდება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
კონფერენციის მონაწილეები თხილის დარგთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს გაეცნენ. მონაწილე მხარეებმა დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და დარგის განვითარების თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეობდნენ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, თხილის გადამმუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.