წამში გადარჩენილი სიცოცხლე – შსს-ს თანამშრომლები აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ შეუერთდებიან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 150-მდე წარმომადგენელმა აქცია – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის ფარგლებში ისინი სისხლს უანგაროდ გაიღებენ.
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მობილური ჯგუფი სამინისტროს ხვალ, 12:00 საათისთვის ეწვევა.
როგორც მობილური ბრიგადის ხელმძღვანელმა ირმა მაღლაკელიძემ განაცხადა, თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლი წამში გადარჩენილი სიცოცხლეა. მისი თქმით, ისინი ეხმარებიან ყველას – მძიმე პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებს, ახალშობილებს, მოზარდებს და მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 13 ივნისის სტიქიით შედეგად დაზარალებულებსაც.
„ჰემოგლობინს ადგილზე შევამოწმებთ და ამ ყველაფერმა თუ ხელი შეუწყო, დონაცია 5-7 წუთის მანძილზე გრძელდება. სისხლი ხვალვე გაიგზავნება სისხლის ბანკში, შემდეგ დამზადების განყოფილებაში შევა“,- განაცხადა ირმა მაღლაკელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მათ, ვინც აქციაში მიიღებს მონაწილეობას, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვებს. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი “კვირა”.