“ახუნდოვ ჰაუსმა” საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი – ვიდეო)
აზერბაიჯანული კულტურის სახლმა “ახუნდოვ ჰაუსმა” საქველმოქმედო ღონისძიებას “გაზაფხული ჩვენთანაც მოვა ” უმასპინძლა.
საქველმოქმედო საღამო 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მიეძღვნა.
საღამოს ინიციატორი ქალთა საერთაშორისო კლუბ “ინერ ვილის” ახლად არჩეული პრეზიდენტი, ანი მიროტაძე იყო, იდეის ორგანიზატორი – კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “დღეს” და საინფორმაციო მხარდამჭერი ანალიტიკური პორტალი “კვირა”.
მიუზიკლში “გაზაფხული ჩვენთანაც მოვა” , მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობები ბექა ჯუმუტია, ანა მატუაშვილი და დირიჟორი შიო აბრახამია მონაწილეობდნენ.
მიუზიკლის შესახებ მსახიობმა და “ინერ ვილის” ყოფილმა პრეზიდენტმა, ნინელი ჭანკვეტაძემ ისაუბრა.
“ეს სპექტაკლი არსებობს თუმანიშვილის თეატრში. სპექტაკლი შეიქმნა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის არაჩვეულებრივ ლექსებსა და ამ ლექსებზე შექმნილ არაჩვეულებრივ სიმღერებზე და დადგმულია მისი ვაჟიშვილის, ნუგზარ ბაგრატიონის მიერ”, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
თეატრალიზებული საღამოს მონაწილეებს კლუბ “ინერ ვილის” პრეზიდენტმა, ანი მიროტაძემ სიმბოლური ჯილდოები და სიგელები გადასცა.
“ძალიან სიმბოლურია ჩვენი ჯილდო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რამხელა ძალა აქვს ერთობას და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ყველაფერს შეიძლება მოვერიოთ, როდესაც არსებობს ნება, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
კლუბ “ინერ ვილის” წევრებსა და ღონისძიებაში მონაწილე მსახიობებს “ახუნდოვ ჰაუსმა” ფრანგული სამზარეულოთი უმასპინძლა.