შალვა ოგბაიძე: ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი შალვა ოგბაიძე ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემასა და მძღოლების მიმართ მფლობელების მიერ განხორციელებულ კანონდარღვევებზე საუბრობს.
როგორც ოგბაიძე აცხადებს, მძღოლებს ყოველ ორ თვეში ერთხელ გადასახადს უზრდიან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან, არ ჩართონ კონდიციონერი და მოქალაქეები ფეხზე დააყენონ. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში იმ ხარჯების გადახდას ვერ მოახერხებენ, რასაც მათ ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელები უწესებენ.
“მძღოლები ძველი ხელისუფლების დროს დადებული კორუფციული ხელშეკრულების მსხვერპლნი არიან. ისინი იძულებულები არიან, მოქალაქეებს ვერ შეუქმნან ის კომფორტი, რაც მგზავრობისას აუცილებელია. მძღოლისა და მგზავრის ხარჯზე ცალკეული კომპანიები მდიდრდებიან. აგრეთვე აქვე მინდა ვთქვა, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაიქცნენ მოსიარულე ბომბებად, რადგანაც ელიავას ბაზრობაზე დაშლილი ავტომობილებიდან ხდება დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსების ძრავის ამოღება, დამონტაჟება და გაზზე გადაყვანა, ხოლო გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში არსებული კომპანიის მიერ ნებართვის გაცემა, რომ გაზზე გადაყვანა კანონთან შესაბამისობაში მოხდა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან ეს ცნობა მივიღე. სამწუხაროდ, არის საშიშროება, რომ ამის გამო კიდევ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ. მე მივმართავ მერიას, რომ ამ საკითხზე ყურადღება სასწრაფოდ გაამახვილონ. ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება“,-აცხადებს ოგბაიძე.
წყარო: “რეზონანსი“