კულტურის მინისტრი ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა და ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს გაეცნო. მეათე საუკუნით დათარიღებული კომპლექსის კონსერვაციაზე ამჟამად ქართველი სპეციალისტები მუშაობენ.
მიმდინარე წელს მოხდება ძეგლის ტოპოგრაფიული აზომვა და ინვენტარიზაცია, 2016 წლიდან კი დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრების დაწყება.
მეცნიერთა ჯგუფის ვარაუდით, ტერიტორიაზე შესაძლოა, დამატებითი ინფრასტრუქტურის მაგალითები აღმოჩნდეს. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძე კვიპროსის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტას კადის შეხვდა. შეხვედრის შედეგად შემოდგომაზე საქართველო და კვიპროსი კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
ღალიის მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინეს, თუმცა სისტემატური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისა და მიწისაგან მთლიანად გაწმენდილი, გამაგრებული და კონსერვირებულია. კომპლექსის აღდგენილი ნაწილი კვიპროსის ტურისტულ რუკაზე დაფიქსირებულია, როგორც უძველესი ქართული ძეგლი და მას დამთვალიერებლები ხშირად სტუმრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები