biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი შეფერხების მიზეზებს განმარტავს

biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შეფერხების მიზეზად სისტემაზე მომხდარ ძალიან დიდი დატვირთვას ასახელებს.
„მოხდა სისტემის დიდი დატვირთვა, ამჟამად მიმდინარეობს სისტემის სერიოზული განახლება, ემატება სერვერები, აპარატურა და ჩვენ ვფიქრობთ, საღამოსკენ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს“,- განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
მანვე განმარტა, თუ რას ნიშნავს ბილეთების ლატარიის პრინციპით გაყიდვა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ საიტი ერთდროულად შესყიდვის უფლებით უშვებს გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე ასეულ ადამიანს, შემდეგ, როგორც კი რომელიმე ამ ადამიანებისგან იყიდის ბილეთს, ადგილი განთავისუფლდება და ლატარიის პრინციპით ხდება შერჩევა შემდეგი მომხმარებლის, რომელიც არის რიგში”, -აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა თავიდან გათვალისწინება, რომ სერვერების გადატვირთვა აღარ მომხდარიყო, biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი აცხდებს, რომ ბილეთების მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
“ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ რამდენიმე ათეულით გაიზრდებოდა მოთხოვნა, მაგრამ ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი იყო უცხოეთიდან შემოსული. ამჟამად ჩვენ ჩავხსენით ეს არხი და მარტო ქართველი მომხმარებელი შეძლებს ბილეთების შეძენას”, – განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები