ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დასს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება
27 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო გალაკონცერტი, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარედაჭერით ტარდება.
13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიისა და ამის ფონზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღონისძიების სადღესასწაულო ფორმატი შეიცვალა. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალაკონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდებათ სტიქიით დაზარალებულებს.
ანსამბლის დასსთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
27 ივნისის, 19:00 სთ-ზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართება აგრეთვე, გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულ სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის მანძილზე შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალას და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს. გალა კონცერტი, კლასიკური და ახალი ცეკვების პროგრამით, 20:00საათზე დაიწყება. 23 ივნისიდან ბილეთები გასაყიდად განთავსდება ვებგვერდზე: www.biletebi.ge.
25 ივნისს, 15:00სთ-ზე სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ნინო და ილიკო სუხიშვილები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციას დაესწრებიან ღონისძიების მონაწილე, საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავები – ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი, ნიდერლანდების ცეკვის ანსამბლი, ანსამბლის პროდიუსერები სხვადასხვა ქვეყნიდან.