პრემიერ-მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მაშველის დაკრძალვას ესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ჩავიდა. ირაკლი ღაბაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას ესწრება. მთავრობის მეთაური კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფება.
“ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი ჩვენთვის. ზურა მუზაშვილი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირია, რადგან მან გადაარჩინა რამოდენიმე ადამიანი და შემდეგ თვითონ შეეწირა ამ ტრაგედიას. მინდა მის ოჯახს, მის მშობლებს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი გმირი გაუზარდეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი სულის წინაშე. ჩვენ ღირსეულად უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აღაიანში ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფელ აღაიანში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უმრავლესობის რამდენიმე წევრი იმყოფება. დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები