დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ აუქციონზე პატრიარქის ნივთი 3 ათას დოლარად გაიყიდა
საგამომცემლო სახლი “სახე(ლ)ები” 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს მართავს.
აუქციონზე სულ 21 ლოტია წარმოდგენილი, მათ შორის ცნობილი მხატვრების, მწერლებისა და მსახიობების პირადი ნივთები, ნახატები, ხელნაწერები, აუდიო ფაილები და პრეზიდენტ მარგველაშვილის პირადი ნივთები.
აუქციონში “წლის და საუკუნის “სახე(ლ)ები” ნომინანტები ჩაერთვებიან, შემოსული თანხა კი, მთლიანად, სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებათ.
ამ წუთებისთვის, თანხის რაოდენობა უცნობია, თუმცა, რამდენიმე ნივთი საკმაოდ ძვირად გაიყიდა.
მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ აუქციონზე გამოტანილი უნიკალური თვისებებისა და იშვიათი ზომის ონიქსის ქვა.
აღნიშნული 3 ათას დოლარად გაიყიდა.
აუქციონის ორგანიზატორები და მონაწილენი ვარაუდობენ, რომ აუქციონით სოლიდური თანხა შეგროვდება, რაც საბოლოოდ, სტიქიისგან დაზარალებულთა საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.
“ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს აქცია მასშტაბური ყოფილიყო. ჩვენი “წლისა და საუკუნის ოქროს “სახე(ლ)ები”, რომლებიც, ტრადიციულად, ჯილდოვდებიან ენციკლოპედიური გამოცემა “სახე(ლ)ები” წარდგენისას, ეს ხალხიც სრულიად ჩაერთო ამ ღონისძიებაში. ეს საზოგადოების სრული ჩართულობა, კარგ შედეგს მოგვიტანს და დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე სჭირდებათ დახმარება”, – განაცხადა საგამომცემლო სახლის “სახე(ლ)ები” მმართველმა რედაქტორმა, მარიკა დავითაიამ.